თქმულებები, ლეგენდები...

არბოშიკი

ქართლ- კახეთის მეფე ერეკლე მე-2 - ს, რომელიც ზემო მაჩხაანში მიმავლებულა, გზად არბოშიკზე აუვლია. მოხიბლულა მისი სილამაზით და განცვიფრებულა მისი სიმდიდრით. უთქვამს: " ეს რა ერბო ადგილიაო". დროთა განმავლობაში " ე" ასოს ასიმილაცია განუცდია და " ა" -თი შეცვლილა. ასე დარქმევია ამ ძველისძველ სოფელს არბოშიკი


არხილოსკალო

ამ სოფლის ადგილას მცხოვრებ ქართველებს შაჰ-აბასის მეფობის დროს თათრები შესევიან.უბატონო ქიზიყელებს მათთვის ქედი არ მოუხრიათ, რისთვისაც სასტიკად დასჯილან. ურჯულოებს მამაკაცები ამოუწყვეტიათ, ქალებისთვის თოთო ბავშვები წაურთმევიათ და ეს ბავშვები დედების თვალწინ გაულეწიათ. ნანახით შეძრული დედები კი ტყვედ წაუყვანიათ. გაუბედურებული დედები გზად შემხვედრებს აფრთხილებდნენ, არავინ იხილოს კალოო. ასე დარქმევია ამ სოფელს არხილოსკალო

მაჩხაანი

მაჩხაანში მოსახლეობა მე-15 საუკუნეში გარდაბნის რაიონიდანაა გადმოსახლებული, სოფელს თავდაპირველად ეწოდა " მაჩხაანი" ( " მარჩხი" ჭროღას ნიშნავს) მოსახლეობის ზრდასთან ერთდა სოფელი ორად გაიყო: ზემო და ქვემო მაჩხაანად




თქმულება ელიაზე
დიდი ხნის წინათ, თათართა ბატონობის ხანაში, სოფელი შეწუხებული ყოფილა თათრების აოხრებისგან და მათ მიერ სოფლის მკვიდრთა ხშირი მოტაცებისგან.
 ერთხელაც, ასეთი მორიგი აოხრების შემდეგ, ქართველები მდევრის მოსვლასა და გატაცებულების უკან დაბრუნებას ელოდნენ, მაგრამ მდევარები ხელცარიელნი დაბრუნდნენ უკან,  მაიასა და  ზურაბის შესახებაც ვერაფერი  შეეტყოთ , რომლებიც გატაცებულთა რიცხვში ყოფილან.
მაიას შესახებ მოგვიანებით შეიტყვეს ქართველებმა. მაია იმედს არ კარგავდა , რომ ზურაბი იპოვნიდა და უშველიდა, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა დრო მოეგო. შაჰის შვილსაც  ამიტომ დასთანხმებია ცოლობაზე: ცოლად გამოგყვები, ოღონდ ქართულ საქორწინო ტანსაცმელში გამომაწყვეო. არ სიამოვნებია თათარს ქართველი ქალის სურვილი, მაგრამ რას იზამდა?!..
მაია ელოდა, ზურაბი არ ჩანდა, ის თათრებთან ბრძოლაში დაღუპულიყო, მაგრამ ამის შესახებ არავინ იცოდა. მაიამ გაქცევაზე დაიწყო ფიქრი, ამ მიზნით მან მომვლელი ქალიც მოისყიდა, რომელიც დათანხმდა მის სურვილს, საბოლოოდ  შორიდან შეევლო თვალი მშობლიური სოფლისთვის. გზაზე მაიამ ხანჯალი იპოვა, რომელიც ზურაბს ეკუთვნოდა. მიმხვდარა ქალი, რომ  ზურაბი ცოცხალი აღარ იყო, გზაში ხანჯლისგან ჯვარი გამოუთლია.
მოსაღამოვდა, მზე დასავლეთისკენ გადაიხარა. მაიას ქერა თმა ჩაუმუქდა, კაბა ძოწისფერი გაუხდა, თვალებს ცისფერი ფერი მოედო, უკანასკნელად შეხედა საყვარელ მხარეს, პირში ჯვარი დაიჭირა, აქაო და, თათარი არავის ვეგონოო, მაგრად ჩაიკრა გულში ხანჯალი და ბროწეულისფერმა სისხლმა იფეთქა კიდეც... დაწვა, გასწორდა, ხელები გულზე დაიკრიფა და ცრემლმორეულმა საქართველოს ცას ახედა, მშვიდობითო, დაუბარა მერცხლებს...
სწრაფად მოვარდა მონა ქალი, მაგრამ გვიანი იყო. მაია გაცივდა, ქალი გაქვავდა... მას შემდეგ ქართველები ამაოდ ელიან ზურაბს, როდის დაბრუნდება და დაიტირებს  მისი მახვილით გულგანგმირულ ქალს.  
P.S. შორიდან, მართლაც, ძალიან ჰგავს ელიის მთა გულზე ხელებდაკრეფილ თმა გაშლილ ქალს...





ჯაფარიძე

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იხსენიება სოფელი ჯაფარიძე. აქ მოსახლეობა წინათაც იყო, მაგრამ - ძალზე მცირე რაოდენობით. როგორც ამ მიდამოში შემთხვევითი გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქვევრები და სამარხები მოწმობენ, აქ ოდესღაც ყოფილა ქართული სოფელი, მაგრამ ის საძულველ მტერს შეუმუსრავს და მიდამო გაუდაბურებულა. მე-19 საუკუნის 50-იან წლებში რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველს სეჩი ზაპოროჟიედან აუყრია მეფის ურჩი კაზაკები და შორეულ სამხრეთში, თბილისის გუბერნიის განაპირა სოფელში დაუსახლებია. კაზაკებს სოფლისათვის " სეჩინოვკა" ( ახალი სეჩი) უწოდებიათ. ეს სოფელი დიდხანს ამ სახელით იყო ცნობილი.
რუსეთში ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ სეჩინოვკელი კაზაკობის უმრავლესობა მშობლიურ ადგილებს დაუბრუნდა.
ზემო მაჩხაანელი და მირზაანელი გლეხობა ადრიდანვე მიხვდა, რომ საცხოვრებლად უნდა აერჩია ისეთი ადგილი, რომელიც სახნავ-სათეს მიწებთან ახლოს იქნებოდა. 1918 წლის თებერვლიდან მოსახლეობის ნაწილმა იწყო დასახლება ძველ რუსულ სოფელ სეჩინოვკაში. 1921 წლის 1 მაისს სასოფლო კრებაზე, რომელსაც მაშინ " სოფლობას" უწოდებდნენ, გლეხობამ სოფელს, რევოლუციონერ ალიოშა ჯაფარიძის პატივსაცემად, ჯაფარიძე უწოდა

1 комментарий:

  1. უწსნცნიისსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს

    ОтветитьУдалить