ისტორია და გეოგრაფია

   საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, მდებარეობს ულამაზესი მხარე - ქიზიყი, რომელიც ისტორიულ წყაროებში პირველად კამბეჩოვანის სახელწოდებით ჩნდება და ჰერეთის სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად არის მოხსენიებული. მაშინდელი კამბეჩოვანის მთავარი ქალაქი ხორნაბუჯია, რომელიც მეცამეტე საუკუნეში მონღოლთა შემოსევის შემდეგ კარგავს თავის მნიშვნელობას, როგორც ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი ნელ-ნელა ქრება და დღევანდელ დღეს მის ძველ დიდებაზე მხოლოდ დაბა დედოფლისწყაროს მახლობლად, ციცაბო კდეზე არწივის ბუდესავით წამომართული ხორნაბუჯის ციხის ნანგრევებიღა მიუთითებს.
   სახელწოდება ქიზიყი უფრო გვიანდელია და ის პირველად მე-15 საუკუნის წყაროებში გვხვდება.მაშინდელი ქიზიყი უკვე კახეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უბატონო მხარედ მოიხსენიება. ქიზიყელი გლეხები გათავისუფლებულები არიან ბატონყმური ვალდებულებებისაგან და დანიშნული მოურავის საშუალებით პირდაპირ კახეთის მეფეებს ემორჩილებიან. ამ ისტორიულმა ვითარებამ ქიზიყელთა ხასიათის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და ისინი თავისუფლების მოყვარე, ლაღ და ქვეყნის ერთგულ ხალხად მოუვლინა საქართველოს. შემთხვევითი როდია, რომ ქართლ-კახეთის უკანასკნელი გმირი მეფის - მუდამ მეომარი ერეკლე მეორის ჯარის ავანგარდში ყოველთვის ქიზიყელი გლეხები იდგნენ. ისინი პირველები ებმებოდნენ ბრძოლაში და პირველ დარტყმასაც ისინი იღებდნენ.
   დღევანდელი ქიზიყი ორ ადმინისტრაციულ ერთეულს - სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებს მიეკუთვნება. ეს ტერიტორია მხოლოდ კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებით მდიდარი როდია. ქიზიყში არის ბუნების ისეთი ძეგლები, რომელთა მსგავსიც საქართველოს არცერთ კუთხეში არ გვხვდება და რომლებიც ჩვენი ქვეყნის ნამდვილ საგანძურს წარმოადგენენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий