სახელწოდება ქიზიყი უფრო გვიანდელია და ის პირველად მე-15 საუკუნის წყაროებში გვხვდება.მაშინდელი ქიზიყი უკვე კახეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უბატონო მხარედ მოიხსენიება. ქიზიყელი გლეხები გათავისუფლებულები არიან ბატონყმური ვალდებულებებისაგან და დანიშნული მოურავის საშუალებით პირდაპირ კახეთის მეფეებს ემორჩილებიან. ამ ისტორიულმა ვითარებამ ქიზიყელთა ხასიათის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და ისინი თავისუფლების მოყვარე, ლაღ და ქვეყნის ერთგულ ხალხად მოუვლინა საქართველოს. შემთხვევითი როდია, რომ ქართლ-კახეთის უკანასკნელი გმირი მეფის - მუდამ მეომარი ერეკლე მეორის ჯარის ავანგარდში ყოველთვის ქიზიყელი გლეხები იდგნენ. ისინი პირველები ებმებოდნენ ბრძოლაში და პირველ დარტყმასაც ისინი იღებდნენ.
დღევანდელი ქიზიყი ორ ადმინისტრაციულ ერთეულს - სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებს მიეკუთვნება. ეს ტერიტორია მხოლოდ კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებით მდიდარი როდია. ქიზიყში არის ბუნების ისეთი ძეგლები, რომელთა მსგავსიც საქართველოს არცერთ კუთხეში არ გვხვდება და რომლებიც ჩვენი ქვეყნის ნამდვილ საგანძურს წარმოადგენენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий